ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალური განხილვა 20 წლის შემდეგ - დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიაზე 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ. გამოძიებით დადასტურებულია, რომ კუდის დირექტორის, დათა ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის, გია დგებუაძის თანამონაწილეობით, ასევე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების, ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილის მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი, უდანაშაულო 17, 20 და 22 წლის ახალგაზრდები.
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის პატიმრობა განესაზღვრათ.
კომისიის წევრების კითხვებს საქმის დაზარალებულების ოჯახის წევრები უპასუხებენ.
"აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სამივენი იყვნენ ხულოელები. მას შემდეგ, რაც უკვე ტყვიები მოხვედრილი ჰქონდათ, მურად გორგოძეს დათა ახალაიამ ავტომატიდან მიუშვა ტყვია, საკონტროლო გასროლა. დანარჩენები კი დანარჩენმა თანამშრომლებმა საკონტროლო გასროლებით მოკლეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ნამდვილად მკვდრები იყვნენ. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა.