პრეზიდენტ ტრამპის სამიზნე ამჯერად შემოწირულობების უმსხვილესი ონლაინ პლატფორმა ActBlue გახდა, რომელსაც, მისივე თქმით, დემოკრატები საარჩევნო კამპანიის დროს უცხოური ან "ყალბი დონორებისგან" შემოწირულობებისთვის იყენებენ. ამის შესახებ გამოცემა washingtontimes-ი სტატიას აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც გენერალურ პროკურორს დაევალა გამოიძიოს აღნიშნული ონლაინ პლატფორმის საქმიანობა - ხომ არ იყენებენ მას აშშ-ის საარჩევნო კამპანიებში "ყალბი დონორების" ან უცხოური დაფინანსების მოსაზიდად.
"პრეზიდენტი ტრამპი იღებს ზომებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც ცდილობენ უკანონო გავლენა მოახდინონ ამერიკის არჩევნებზე ჩვენი საარჩევნო პროცესის მთლიანობის შელახვით" - წერია ბრძანებულების საინფორმაციო ბიულეტენში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწირულობები, ასეთ შემთხვევაში, უკანონოა და ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად აკრძალულია.
ტრამპის მიერ გამოცემულ მემორანდუმში კონკრეტულად არის ნახსენები ონლაინ პლატფორმა ActBlue, სადაც აღნიშნულია, რომ "უცხოური IP მისამართებიდან წინასწარ გადახდილი ბარათების გამოყენებით, ActBlue-ს ასობით შემოწირულობა" 2024 წლის არჩევნებში 30 დღის განმავლობაში განხორციელდა.
"ActBlue ცნობილია თავისი სუსტი სტანდარტებით, რომლებიც დაუმოწმებელი და თაღლითური შემოწირულობების საშუალებას იძლევა", - ნათქვამია დოკუმენტში.
თავად ActBlue-მ კი საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ "ტრამპის ადმინისტრაციისა და რესპუბლიკური პარტიის მიერ ActBlue-ის მიზანში ამოღება, ამერიკის დემოკრატიაზე მათი თავხედური თავდასხმის ნაწილია".
"თეთრი სახლის დღევანდელი ესკალაცია აშკარად უკანონოა და უნდა შევხედოთ რეალობას: დონალდ ტრამპის ბოლო ფრონტი მისსავე კამპანიაში, რათა აღმოფხვრას ყველა პოლიტიკური, საარჩევნო და იდეოლოგიური ოპოზიცია", - ნათქვამია ActBlue-ს განცხადებაში.
ActBlue-ს მხარდამჭერი ერთიანი განცხადება გაავრცელეს დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის ლიდერებმა, დემოკრატი გუბერნატორების ასოციაციამ, კონგრესის არჩევნების დემოკრატიულმა კომიტეტმა და სენატის არჩევნების დემოკრატიულმა კომიტეტმა.
"დონალდ ტრამპის მემორანდუმი ActBlue-ის წინააღმდეგ, შექმნილია დემოკრატიული ჩართულობის შელახვის მიზნით - და გასაკვირი არ არის, რატომ", - წერია ერთობლივ განაცხადებაში.
"მან იცის, რომ ამერიკელებს მობეზრდათ მისი ქაოტური დღის წესრიგი, რომელიც ეკონომიკას არღვევს, ამიტომ ცდილობს დაბლოკოს ლეგიტიმური შემოწირულობები მხარდამჭერებისგან, რომლებიც 5 ან 10 დოლარს აძლევენ მის მოწინააღმდეგე კანდიდატებს, პარალელურად გააძლიერებს კორუმპირებულ მილიარდერებს, რომლებიც უკვე აკონტროლებენ მის ადმინისტრაციას. როგორც დემოკრატები, ჩვენ ერთიან ვართ მილიონობით ამერიკელის მხარდაჭერაში, რომლებიც ებრძვიან ტრამპის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას", - აღნიშნულია ონლაინ პლატფორმის მხარდამჭერ განცხადებაში.
როგორც washingtontimes-ი წერს, რესპუბლიკელები ActBlue-ს თავს არაერთხელ დასხმიან. გასული წლის ოქტომბერში ორმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა მოითხოვა გამოძიების ჩატარება არჩევნებში შესაძლო ჩარევის გამო უცხოური სუბიექტების მხრიდან თაღლითური შემოწირულობებით.
გასულ თვეში, არიზონას რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ენდი ბიგსმა, წერილი გაუგზავნა FBI-ს დირექტორს კეშ პატელს და სთხოვა გამოძიების ჩატარება საიტის მიმართ სახსრების მოზიდვის კუთხით.
"2024 წელს პრეზიდენტ ბაიდენის სახაზინო დეპარტამენტმა აღმოაჩინა ActBlue-ს ასობით საეჭვო ტრანზაქცია, რომლის შესახებაც ბანკებმა განაცხადეს. ბრალდებებს შესაბამისი კომიტეტები იძიებენ, თუმცა წინა ადმინისტრაციამ საჭირო დოკუმენტაციასთან წვდომა დაბლოკა", - დაწერა ენდი ბიგსმა.