ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა ქუთაისის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ცენტრალური ქუჩებისა და პარკის რეაბილიტაციის პროექტები, რომლის ჯამური ინვესტიცია 150 მილიონ ლარს აღემატება.
"ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის" ფარგლებში, ვარლამიშვილის, წმინდა ნინოს, მარი ბროსესა და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს სარებილიტაციო სამუშაოები. ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე უკვე დასრულებულია წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის, საინჟინრო კომუნიკაციების მიწის ქვეშ განთავსების სამუშაოები, სრულად რეაბილიტირებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზის საფარი, დამონტაჟებულია გარე განათების თანამედროვე სისტემა.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინრე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მისი თქმით, პროექტის განვითარებაში, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ბევრი სპეციალისტი და სხვადასხვა ინსტიტუტი იყო ჩართული.
ცენტრალური პარკის დასრულების შემდეგ ქუთაისს კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, სრულად განახლებული დასასვენებელი სივრცე ექნება. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
