შეუჩერდება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია 60 სხვა ქვეყანასთან ერთად - ბრიუსელის ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ექსკლუზიური პრეროგატივა ენიჭება, თბილისში განხილვის თემად რჩება.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სავიზო პოლიტიკა ბრიუსელმა, შესაძლოა, მესამე ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე ზეწოლისთვის გამოიყენოს.
უვიზო რეჟიმის გაუქმების რეალურ საფრთხეზე საუბრობს ოპოზიცია და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან დაიმსახურა ჩვენმა საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა, და ეს არის მისი მონაპოვარი. სხვადასხვა გარემოების გამო, მათ შორის ევროპული გზიდან გადახვევის გამო, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აქამდე საქმე არ მივა, რადგან გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე.