გიორგი ვაშაძის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის მიმდინარეობას განაცხადა.
"სხდომის საჯაროდ გახსნა შეგვიყოვნდა იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ პირველი პირი, რომელიც ახსნა-განმარტებისთვის გახლდათ დაბარებული კომისიის წინაშე, იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც 10:00 საათზე იყო მოწვეული. ახლა, როგორც ხედავთ, 11:30 საათია. მისთვის პროცედურულად, აბსოლუტურად ცალსახად იყო ცნობილი, რომ დღეს, 10:00 საათზე, კომისიის წინაშე უნდა გამოცხადებულიყო. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, გონივრული დრო არის გასული მას შემდეგ, რაც ის სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო და არ გამოცხადდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
ამის შემდეგ, წულუკიანმა კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, რომ გიორგი ვაშაძის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გადაიგზავნოს. საკითხს კომისიამ მხარი დაუჭირა.
თეა წულუკიანის განცხადებით, დოკუმენტაცია სამუშაო დღის ბოლომდე გადაიგზავნება საქართველოს პროკურატურაში.
ამ წუთებში, პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.