დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე დილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოქალაქეთა ნაწილს 9 აპრილის მემორიალთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივის მისაგებად, მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცეს ყვავილებით მისულ რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის 9 აპრილის მოვლენების ზოგიერთ მონაწილეს.
პროვოკაციებზე საუბრობდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.
პოლიცია რუსთაველის გამზირზე დილიდან მობილიზებული იყო. სიტუაციის განსამუხტად, სამართალდამცველების ჩარევა საჭირო გახდა მაშინაც, როდესაც აქციის მონაწილეებმა საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს მემორიალთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცეს.
დაპირისპირება დღის პირველ ნახევარში რამდენჯერმე მოხდა. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ისმოდა საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მოწოდებები.
ვისაც მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს, 9 აპრილის გმირების მოსახსენიებლად, სანთლები ქაშვეთის ტაძარში დაანთეს. მათ შორის იყო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც რუსთაველის გამზირზე სტუდენტებთან ერთად იყო მისული.
ტაშით და მადლობის შეძახილებით შეხვდნენ აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან მისულ ელჩებს. დიპლომატებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი გვირგვინებით მიაგეს.