ნინო გელდიაშვილის ოჯახმა ნარკოტიკების ტრაგიკული შედეგი საკუთარ თავზე გამოსცადა. რეალიზატორისგან შეძენილი აბები მის შვილს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დედამ 36 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა გამსაღებელთან მიმოწერა და თანხის გადარიცხვის ქვითარიც. რესპონდენტი "კურიერი P.S.-ს" უყვება, რომ მისმა შვილმა ნარკოტიკი რეალიზატორის თანდასწრებით მიიღო და რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა, თუმცა გამსაღებელმა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გიორგი გელდიაშვილი, კლინიკის ნაცვლად ტაქსით სახლში გაუშვა. დროული სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, ახალგაზრდა მამაკაცი აკრძალული ნივთიერების მიღებიდან მალევე დაიღუპა.
ექსპერტები 24 საათი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ნარკორეალიზატორებიდან ამოღებული აკრძალული ნივთიერებების დადგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტურ დეპარტამენტში ხდება. ექსპერტიზის დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა, რომლითაც დგინდება, თუ რა ვადით მოუწევს ციხეში ყოფნა დამნაშავეს.
აკრძალული ნივთიერებების სახეობის და ოდენობის დადგენა აპარატის მეშვეობით ხდება. გამოძიების დასრულებამდე, ნარკოტიკული საშუალებები ჯერ სპეციალურ საცავში ინახება, შემდეგ კი კანონით დადგენილი წესით ნადგურდება. "კურიერი P.S.-მა" გადაიღო კადრები, თუ როგორ წვავენ 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკებს. ეს მხოლოდ 2025 წლის სამ თვეში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერებებია. მათ შორისაა ჰეროინი, კოკაინი, ალფაპევეპე, მარიხუანა და კლუბური ნარკოტიკების სახელით ცნობილი სხვა საშიში ნივთიერებები.
ერთ-ერთი რეალიზატორი, 25 წლის მამაკაცი ნარკოტიკების გასაღების მიზნით ინოვაციურ მეთოდსაც კი იყენებდა. ის აკრძალული ნივთიერებების დასადებად წინასწარ შერჩეულ ადგილებს ჯერ მცირე ზომის საფრენი აპარატით, ე.წ. დრონით ამოწმებდა, მას შემდეგ კი, რაც დარწმუნებოდა, რომ ტერიტორიაზე საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნება, ამანათებს ლოკაციებზე ათავსებდა და შემკვეთს მდებარეობას აპლიკაცია "ტელეგრამში" უგზავნიდა.
მცხეთა, გორი, თელავი, თბილისი - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ნარკორეალიზატორი დრონით გადაადგილდებოდა. სწორედ ამ ქალაქებში სამართალდამცველებმა სხვადასხვა ადგილებზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს ბრალდებულის მანქანასა და ტანსაცმელშიც. 25 წლის რეალიზატორს სასამართლო სხდომაზე არაფერი უთქვამს, გარდა იმისა რომ დანაშაულს აღიარებს და ნანობს. მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ნარკოტიკების გავრცელება მთელი მსოფლიოსთვის ჯერჯერობით დაუძლეველ პრობლემად რჩება. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მხოლოდ ერთ წელიწადში ზედოზირებით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ვიეტნამის, ერაყისა და ავღანეთის ომში ერთად. დანაშაულის ზრდის ფონზე, შემცირდა ნარკომომხმარებელთა ასაკი, მათ შორის საქართველოშიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე "კურიერი P.S.-თან" იმ ტრაგიკულ შედეგებზე საუბრობს, რამაც კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობა განაპირობა. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი და სანქციები იზრდება, როგორც რეალიზატორების, ისე მომხმარებლების მიმართ. განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება ნარკოტიკების ის დოზა, რომელიც აქამდე მცირე ოდენობად მიიჩნეოდა, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ამ დრომდე იყო. ახალი კანონით, 500-დან 2000 ლარამდე იზრდება ჯარიმა ნარკომომხმარებლების მიმართ, აკრძალული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კი ერთი წლის ნაცვლად, სამ წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. მსგავსი სანქციები წესდება ბაზარზე არსებულ სამი ფსიქოტროპულ მედიკამენტზეც, რომელსაც ხშირად ნარკოტიკების ჩასანაცვლებლად იყენებენ.
2021 წლიდან 2025 წლამდე ნარკოტიკული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 17 ათასამდე ადამიანი მიეცა, მათ შორის 900 ნარკორეალიზატორი. მალე გაირკვევა, როგორ შეიცვლება სტატისტიკა კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ.