24 აგვისტო 2026,   05:34
ვრცლად
საგრანტო პროგრამა დიდი ბრიტანეთისგან - მმართველი გუნდის თქმით, ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ, "გლობალური ძალები", რევოლუციური მიზნების განსახორციელებლად ბრიტანულ რესურსს იყენებენ

მმართველი გუნდი ბრიტანეთის მთავრობის საგრანტო პროგრამაზე საუბრობს, რომელიც ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 100 000 გირვანქა სტერლინგამდე თანხის მიღების შესაძლებლობას აძლევს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ გლობალური ძალები, საკუთარი რევოლუციური მიზნების განსახორციელებლად, ბრიტანულ რესურსს იყენებენ, რომელიც რეალურად USAID-ის ალტერნატივაა. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ, ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ Deep state-ის გავლენები სხვა ქვეყნებზე ამერიკის ნაცვლად, ახლა უკვე ევროპის კონტინენტიდან ვრცელდება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საგრანტო პროგრამა 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარების ხელშესაწყობად გამოცხადდა. ამის მიუხედავად, ოპოზიციის ერთ ნაწილი ირწმუნება, რომ პარტნიორების მიზანი არა თვითმმართველობის, არამედ ახალი არჩევნების მხარდაჭერაა. ბრიტანეთის გადაწყვეტილება გაუგებარია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის.

უმრავლესობა ბრიტანული დაფინანსებით დესტრუქციულ ქმედებებს ელოდება. რაც მათივე განცხადებით, USAID-იმ ბოლო რამდენიმე არჩევნების წინ, კონკრეტული "ენჯეოების" ხელით სცადა. შედეგების გაყალბება, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა და სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა - ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამერიკული ორგანიზაციის მიმართ ეს არა მხოლოდ ბრალდებები, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკვე დადასტურებული ფაქტებია, Deep state კი ამ მიზნების განხორციელებას საქართველოში ახლა უკვე ბრიტანული დაფინანსებით შეეცდება.

საგრანტო კონკურსის გამოცხადებაზე დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ, შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბრიტანული სტრუქტურები საქართველოში სწორედ Deep state-ის ინტერესებს ატარებენ. მათ შორის აფინანსებენ USAID-ს, რომლის დონორიც აქამდე სწორედ USAID იყო.

კიდევ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ დაფინანსებას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. USAID-ის ჩამნაცვლებელზე ჯერ კიდევ ორი დღის წინ წერდა ზაზა შათირიშვილი. ფილოსოფოსი, ამბობდა, რომ უკვე გამოიკვეთა ალტერნატივა, რომელიც, მომავალში, ევროპულ ფონდებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების წახალისებით იქნება დაკავებული.

დღის ამბები