"ღირსების შემლახავი თავდასხმები, მტრობის გამაღვივებელი კამპანიები" - საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ძალადობრივი ქმედებების დაფინანსებაში ისევ ევროპულ ფონდებს ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, გააზიარა ფოტოც, სადაც ერთ-ერთი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც რადიკალიზმის წახალისებას ეხება, გერმანიის საელჩო პასუხობს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას სრულად იზიარებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები რამდენიმე თვის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე მოვლენებს და დეპუტატებზე თავდასხმებს იხსენებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ინტერესდებიან - რატომ არ დაგმო არც ერთმა დიპლომატიურმა უწყებამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს ქმედებები, თუ ისინი საქართველოში რადიკალურ პროცესებს ხელს არ უწყობენ.
ის, რაც "ქართული ოცნებისთვის" ძალადობის და რადიკალიზმის წახალისებაა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მხარდაჭერაა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდისგან კონკრეტულ ფაქტებზე სამართლებრივ პასუხს ითხოვენ.
დიპლომატიური უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რადიკალურ ქმედებებზე დუმილი, ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია "ქართული ოცნებისთვის". მმართველი გუნდი პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების მხრიდან ძალადობრივი ქმედებებზე დუმილი დასანანია პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოელი კოლეგები რადიკალურ პროცესებს ზოგჯერ დუმილით, ზოგჯერ კი კონკრეტული განცხადებებით ახალისებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიურ უწყებებსა და ელჩებს არაერთხელ მიმართა და ძალადობრივი პროცესების დაგმობისკენ მოუწოდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.