23 აგვისტო 2026,   22:52
ვრცლად
კრიტიკა ჩეხეთის საელჩოდან და მმართველი გუნდის პასუხი - "ოცნება" პარტნიორებს ურჩევს, განცხადებების გაკეთებამდე საგამოძიებო კომისიის სხდომებს გაეცნონ

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ჩეხეთის საელჩომ საკუთარ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი იგულისხმა, როდესაც დაწერა, რომ "საქართველო, ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, ახლა კი ავტორიტარიზმისკენ იხრება." "ქართული ოცნება" დიპლომატიურ მისიას "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს ახსენებს და აცხადებს, რომ ავტორიტარიზმი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერა იყო.

ექსპრეზიდენტის პარტია დარწმუნებულია, რომ ჩეხეთის საელჩომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სწორედ მათი მმართველობის პერიოდს შეადარა და დემოკრატიის შუქურად შეფასებაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. დიპლომატიური მისიის პოზიცია აბსურდულია ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მიდგომები საკუთარ თავზე გამოცადა.

გულისხმობს თუ არა დიპლომატიური მისია "დემოკრატიის შუქურაში" წინა ხელისუფლებას? - "კურიერის" მიმართვის მიუხედავად, საელჩოს ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებია. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ეს კონკრეტული ტერმინი უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო გახდა. მმართველი პარტია პარტნიორებს ურჩევს, მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე საგამოძიებო კომისიის სხდომებს გაეცნონ.

ჩეხეთის საელჩომ განცხადება გუშინ გაავრცელა, რომლითაც საქართველოში არსებული მედია გარემო და სასამართლო სისტემა გააკრიტიკა.

დღის ამბები