საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დაბარებული იყო გივი თარგამაძე, რომლის მიმართაც კომისიის წევრებს კითხვები 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰქონდათ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პარლამენტში არ მივიდა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ აპირებს მისთვის არალეგიტიმურ კომისიასთან თანამშრომლობას.
გივი თარგამაძისა და იმ პირების შესახებ, ვინც კომისიაზე არ მიდიან და მათ წინააღმდეგ საქმეები აღიძრა, თეა წულუკიანმა სხდომის დასაწყისშივე ისაუბრა. მათ შორის გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს.
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მას ვუპასუხო, როდესაც კომისიას ბრალი დასდო, თითქოს ჩვენი საქმიანობა ემსახურება მის დისკრედიტაციას. ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული. ვინაიდან, აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა, რომ ბატონი მამუკა და "თი ბი სი ბანკი" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს იყვნენ გარკვეული ხელის ბიჭები, რომლებიც თავს აყენებინებდნენ მიხეილ სააკაშვილს დავით კეზერაშვილს და სხვებს იმისათვის, რომ მშრომელი ადამიანების საკუთრების უფლება შელახულიყო.
მოწვეული გვყავს ბარონი გივი თარგამაძე. საჯაროდ განაცხადა, რომ ის კომისიის სხდომაზე გამოცხადებას არ აირებს, მაგრამ ოპერაცია - "გივი ჩვენ ვართ, გივი" წარმატებით დასრულდა, რადგან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება. მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ რვაწლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში, როდესაც გვემუქრებოდით საქართველოს შვილებს, რომ სულს ამოგვხდიდით. სამწუხაროდ, ზოგს მართლაც დაუდგა შავ-ბნელი დღეები და სული ამოხადა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ციხეში, თუ ციხის მიღმა ქუჩაში დახვრიტეს ხალხი, აწამეს არაერთი ადამიანი და მოხდა ისე, რომ ჩვენ ვინც აქ ვართ და არა მხოლოდ ჩვენ, ვართ ცოცხლები და ვსვამთ კითხვებს და ვითხოვთ ამ კითხვებზე პასუხს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.