ამერიკული "ფარას" ზუსტი ასლის წარდგენა მომხსენებელმა კანონპროექტის მიზნებზე საუბრით დაიწყო. ცვლილებები, რომელიც დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო, შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ზუსტი თარგმანია. 16-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც, 6 თვეში ერთხელ, ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ.
აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მსგავსად, საქართველოშიც კანონის ნებისმიერი მუხლის დარღვევა განისაზღვრება 5 ათას ლარამდე ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით. ის კი, ვინც რეგისტრაციას თავს აარიდებს, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება ან 5 წლამდე პატიმრობა შეეფარდება. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე შეკითხვები დღეს სხდომათა დარბაზშიც დაისვა. კანონმდებლები ასევე დაინტერესდნენ, რა განსხვავებაა ამერიკულ "ფარასა" და 2024 წელს მიღებულ გამჭვირვალობის კანონს შორის.
ოპოზიციისთვის გამჭვირვალობის კანონის მსგავსად, მისაღები არც ამერიკული "ფარას" ზუსტი ასლია. ბარიერგადალახულ პარტიებში ამტკიცებენ, რომ ცვლილებები ქართულ რეალობას არ შეესაბამება.
მმართველი გუნდი კი ოპონენტებს აშშ-ში ამისამართებს და ურჩევს, კითხვების შემთხვევაში, შტატებს მიმართონ. უმრავლესობაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უცხოური გავლენებისგან დაცვაა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, კანონპროექტზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ამერიკული "ფარას" ზუსტი ასლის მიღებას კი მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე გეგმავს.