24 აგვისტო 2026,   05:34
ვრცლად
"მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი აბონენტებისა, რომელთაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, გაზმომარაგების კუთხითაც ანალოგიური სიტუაციაა" - ოზურგეთის მერი

საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მაშველები კვლავ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლების რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება, აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებს პოლიცია, სამხედროები და მოხალისეები ეხმარებიან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გარდა გაწმენდითი სამუშაოებისა, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც შეზღუდული აქვს გადაადგილება, აქტიურად მიეწოდება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები ყველა მიმართულებით. სადაც იყო ტექნიკა ასული ცენტრამდე, აგრძელებს ცენტრის იქით გადაადგილებას, რომ ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, 6 ლოკაციაზე შექმნილია მიკროშტაბი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების განაწილებ ის კუთხით. ეს ლოკაციებია: შრომა, ასკანა, მთისპირი, ჯუმათი და კონჭკათი. იმ მოქალაქეებს, რომელთაც გადაადგილების ნაწილში ჯერ კიდევ პრობლემები აქვთ, შეძლებენ მოკლე დროში გაუწიონ შესაბამისი დახმარება.

რაც მნიშვნელოვანია - ელექტრომომარაგების კუთხით, ფაქტობრივად, ძალიან მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი აბონენტებისა, რომელთაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, გაზმომარაგების კუთხითაც ანალოგიური სიტუაციაა. რამდენიმე დღეში სრულად გადავლახავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური ნალექის შედეგად მიადგა ჩვენს მუნიციპალიტეტს," - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მიუხედავად ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოებისა, კვლავ რჩება სოფლები, რომლებიც გარე სამყაროს არიან მოწყვეტილნი. ერთ-ერთი ასეთი სოფელია სურები, სადაც დღეს მძიმე ტექნიკა პირველად შევა.

დღის ამბები