22 ივნისი 2026,   14:28
ვრცლად
"ომის დასრულების გარდამტეხი მომენტი" - როგორ იცვლება მსოფლიო პოლიტიკა, ლიდერების რიტორიკა და რას სთავაზობს პუტინი ტრამპს

"ომის დასრულების გარდამტეხი მომენტი" - ასე შეაფასეს ტრამპმა და მაკრონმა მოლაპარაკების შედეგები. ამერიკის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინაში ომის დასრულების საკვანძო საკითხებზე ერთიანი პოზიცია შეიმუშავეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავარი მიზანი გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება უნდა გახდეს. პრეზიდენტები ამბობენ, რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს და ცეცხლი უახლოეს პერიოდში უნდა შეწყდეს.

პრეზიდენტების საჯარო დისკუსია ოვალურ კაბინეტში გაგრძელდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას სიტყვა გააწყვეტინა. მაკრონის რეაქცია ტრამპის იმ განცხადებას მოჰყვა, რომ ევროპა უკრაინისთვის მიცემულ ფულს უკან იბრუნებს. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კიევს ვაშინგტონიდან მიღებული დახმარების დაბრუნება მოუწევს. ამისთვის ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს წიაღისეულის შეთანხმების ხელმოსაწერად მომდევნო დღეებში თეთრ სახლში ელოდება.

ტრამპის ინიცირებულ სამშვიდობო პროცესს ეხმაურებიან მოსკოვში. პუტინი ამბობს, რომ ტრამპთან ომის შეჩერების არსებითი განხილვა ჯერ არ ყოფილა და უნდა რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს შეთანხმებას. კრემლის ლიდერი მშვიდობის დამყარების გზაზე, წინაღობად ზელენსკის ასახელებს.

ამ დრომდე უცნობია როდის შეხვდება ტრამპი პუტინს. ამერიკის პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ ის თქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ტრამპმა არც ის გამორიცხა, რომ საჭირო დროს მოსკოვში ჩავა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები