პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კუთვნილი 9 ათასამდე ბიტკოინი მიითვისა, რაც 2017 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 43 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა დიდი ნაწილიც დოკუმენტურია. სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავედ ცნობას მოითხოვს.
"ყველა მტკიცებულება ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავეობას ცალსახად ადასტურებს. ეს მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მათგანი, არის დოკუმენტური ხასიათის. ეს არის თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ განხორციელებული ხელმოწერები, სადაც პრაქტიკულად ის აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას. ყველა არსებით გარემოებასთან დაკავშირებით, ის სხვადასხვა პოზიციების აფიქსირებს. ყველა მისი განცხადება, მათ შორის, დოკუმენტებთან, განმარტებებთან, არის ძალიან დიდ წინააღმდეგობაში და ძალიან დიდ უხერხულობაში ჩავარდება, როდესაც ეს დოკუმენტები საჯარო სხდომაზე გამოკვლეული იქნება.
მეორე, ნამდვილად, შვეიცარიის კონფედერაციას შესაბამისი შუამდგომლობით მივმართეთ კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნით და ეს ინფორმაცია უკავშირდებოდა ბრალდებულს, მასთან დაკავშირებულ კომპანიას და შესაბამის ანგარიშებს. აქ ძალიან მარტივი მოცემულობაა, თუ თვითონ აცხადებს, რომ არაფერი დასამალი არ აქვს და საუბარი არის მის ანგარიშებზე, უბრალოდ მარტივად შეუძლია ეს ყველაფერი თვითონ წარმოადგინოს.
მოვისმინეთ ასეთი რაღაც, რომ თითქოს 2016 წელს დაასრულა ეს ურთიერთობა. მაშინ, როდესაც საკუთარ ჩვენებებში თვითონ ადასტურებს და დოკუმენტურადაც დასტურდება, რომ 2017 წელს საკმაოდ სოლიდური თანხა, ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი მიიტანა ბანკში და თქვა, რომ ეს სწორედ ამ ინვესტიციას უკავშირდებოდა. ასევე, დოკუმენტები, რომლებიც კომპანიასთან დაკავშირებით ვახსენე, წინააღმდეგობრივია.
საკუთარ თავთან სხვადასხვა ფორმით ბიზნესის კეთება, სხვადასხვა აქტივები, სხვადასხვა იურისდიქციაში შერევა და მერე შემდგომ უკან დაბრუნება, არის სწორედ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორები, რაც ფულის გათეთრებას ადასტურებს", - აცხადებს მიხეილ სადრაძე.
დაცვის მხარე, თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს.
"საქმეში, პროკურატურის მტკიცებულებების გარდა, 4 ტომი გვაქვს წარმოდგენილი ჩვენ, პირადად ჩემი გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე, რაც აბსოლუტურად ანგრევს ბრალდების ვერსიას და ადასტურეს, რომ არანაირი დანაშაული არ მომხდარა და უფრო მეტიც, ბრალდებული გამოკითხული ჰყვათ, თუ არ ვცდები 6-7ჯერ და არასდროს არ უღიარებია მას დანაშაული", - აცხადებს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.