08 სექტემბერი 2026,   13:14
ვრცლად
რატომ არ ეხმარებიან ადამიანები ძალადობის მსხვერპლ ქალებს - ფსიქოლოგები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ

რა გვაბრკოლებს იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალს დახმარება აღმოვუჩინოთ, - ამ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურმა ფსიქოლოგმა, ანა გვეტაძემ, "შუადღეში" ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე ფაქტორი არსებობს, თუ რატომ შეიძლება შეიკავოს გარე პირმა ძალადობის მსხვერპლი პირის დაცვისგან თავი.

პირველ შემთხვევაში, ადამიანები საკუთარ თავს უსვამენ კითხვას, სწორად აანალიზებენ იმ სიტუაციას, რომელსაც ხედავენ, თუ არა. თავიდან, ვერიდებით, არ გვინდა, უცხო პირის საქმეში ჩავერიოთ. ვაკეთებთ დიაგნოსტიკასა და შეფასებას, თუ რა ხდება, როდესაც ამას გავაკეთებთ. მერე უფრო მარტივი ხდება კონფლიქტში ჩარევა.

ფსიქოლოგის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც, თუ ერთი ადამიანი გადადგამს ნაბიჯს მსხვერპლის დასახმარებლად, დახმარების მსურველთა რაოდენობა იმატებს. "უცხო ადამიანმა თუ გადადგა ნაბიჯი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც სწორად ვაკეთებთ სიტუაციის ანალიზს".

გარდა ამისა, ვერ განვსჯით ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლის დახმარებას არ ცდილობენ, რადგან ამის ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, შიში იყოს.

ანა გვეტაძის თქმით, როდესაც გარე პირი ხედავს, რომ მოძალადე მასზე ფიზიკურად ძლიერია, იმ მომენტში, ეშინია, ფიქრობს, რომ მივიდეს, შეიძლება მასაც მიმაყენოს ფიზიკური ზიანი. ამიტომ, შიშის ფაქტორია ერთ-ერთი მთავარი, რატომაც შეიძლება არ ჩაერიოს გარე პირი კონფლიქტში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ, შიშის ფაქტორის გამო, ვერ ვეხმარებით ადამიანს, შეგვიძლია სამართალდამცველებს მივმართოთ, დავრეკო პატრულში და ამით მოვახდინო მსგავსი ტიპის პრევენცია.

ხშირად, ქალი ვერ აცნობიერებს, რომ ძალადობის მსხვერპლია, თუ ეს არ არის უშუალოდ ფიზიკური, ან სექსუალური ძალადობა. თუ ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა, თავად ქალი ვერ აკეთებს დასკვნას, რომ მასზე ვიღაც ძალადობს. ამიტომ, სხვა ადამიანი რომ დახმარებას სთავაზობს, მიმღებლობა არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება, თავად მსხვერპლმა თქვას დახმარებაზე უარი.

ფსიქოლოგის თქმით, ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ მოძალადე შეიცვლება, ეს ყველაფერი ერთჯერადია და მეტჯერ აღარ განმეორდება. არის შემთხვევები, როდესაც ქალი მიიჩნევს, რომ ის ამას იმსახურებს.

ფსიქოლოგის თქმით, კონფლიქტის დროს, ძალადობის პრევენციის მიზნით, ადამიანების ჩარევა, ყველა შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, თუ რა უკუკავშირს მივიღებთ მსხვერპლისგან. შეიძლება, მსხვერპლი ვერ აცნობიერებდეს, კონკრეტულ მომენტში სად იმყოფება, რა გარემოშია, ამიტომ, შესაძლებელია, ჩვენმა ჩარევამ უფრო სერიოზული დაზიანების პრევენციაც კი შეძლოს.

დღის ამბები