მაშინ, როდესაც ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს და აქცენტს აგრესიული ეკონომიკური ზეწოლის კამპანიაზე აკეთებს, კუთხეში მიმწყვდეული თეირანი ახალი სამხედრო ესკალაციითა და უფრო ფართო მასშტაბიანი ომის დაწყებით იმუქრება, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისლამურ რესპუბლიკასთან დიპლომატიაზე უარი თქვა და ივნისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე განაცხადა, რომ ის "იმ ქაღალდის ფასიც კი არ ღირს, რომელზეც არის დაწერილი".
მედიის ინფორმაციით ამის ნაცვლად, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანზე ზეწოლა გააძლიერა გლობალური სანქციების კამპანიის, სამხედრო დარტყმებისა და საზღვაო ბლოკადის მეშვეობით, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში საქონლის როგორც შეტანას, ისე ქვეყნიდან გატანას.
აღნიშნული კამპანია ირანს უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ამყოფებს და მოსახლეობა, კიდევ უფრო მძიმე წნეხის ქვეშ არის მოქცეული.
ამასობაში, ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი კვლავ არ ჩნდება. მედიის ცნობით, დღეს ექვსი თვე სრულდება, რაც ის "იმალება", რათა თავიდან აიცილოს მამისა და წინამორბედის, აიათოლა ალი ხამენეის, ბედი.
როგორც CNN-ი წერს, ირანის სამხედრო ოფიციალური პირები, ზეწოლის საპასუხოდ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ახალ ტაქტიკაზე, ბლოკადაში მონაწილე ქვეყნებს მიზანში ამოღებით ემუქრებიან და აფრთხილებენ, რომ შესაძლოა კონფლიქტი კიდევ უფრო გააფართოონ.
"ჩვენ დავასკვენით, რომ ომში, მოლაპარაკებებსა და ბლოკადის წინააღმდეგ მოქმედებაში ახალი სტრატეგიები უნდა იქნას მიღებული", - განაცხადა ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ.
მან ასევე მიანიშნა, რომ ირანმა შესაძლოა საკუთარი ბლოკადა სრუტის ფარგლებს გარეთაც გააფართოოს და სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეში ახალი "აკრძალვის ზონა" შექმნას.