საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებებზე იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ გააცნო.
სასესხო შეთანხმების თანახმად, ბანკი სესხის სახით 324.7 მილიონ ევროს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენა, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობა და საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციური გაძლიერება.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სესხის ნაწილი კახეთის რეგიონში ოთხზოლიანი და ორზოლიანი საავტომობილო გზების, ასევე სატრანსპორტო კვანძების, ესტაკადების და ხიდების მშენებლობას მოიცავს.
სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის შეფასებით, „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი არხების მშენებლობა როგორიც არის რკინიგზა, საავტომობილო გზები და საზღვაო მიმართულებები. მისივე თქმით, წარმოდგენილი სასესხო შეთანხმება სწორედ აღნიშნული მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს, რასაც კომიტეტი მხარს უჭერს.
კომიტეტის სხდომაზე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა სარატიფიკაციო ხელშეკრულება - „2020 წლის 31 ივლისის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება)“ N2 ცვლილების შეთანხმება“ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, ხელშეკრულების ცვლილება ვადების გადაწევას უკავშირდება, რაც გარკვეული არშემდგარი ტენდერებით არის განპირობებული და თანხების ჩარიცხვის ვადებზე აისახა.
მისივე თქმით, ცვლილების თანახმად, სესხის ჩარიცხვის საბოლოო ვადა 2026 წლის 30 ივნისიდან, 2 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა.
კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშიც წარადგინა და კომიტეტს მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები გააცნო.
მომხსენებელმა ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საგარეო სავაჭრო სექტორის და უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია წარადგინა და საანგარიშო პერიოდში ასახულ შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა. ბიუჯეტის ათვისებაზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში რეგიონული ფონდის მიერ განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.