უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინას მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ მიხაილო პოდოლიაკმა ტელეგრამარხში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
"კროკუს სითისთან“ დაკავშირებით, სადაც ახლახან განვითარდა გარკვეული მოვლენები, მოხდა სროლა, გარკვეული ტერორისტული ქმედებები დაუდგენელი პირების მხრიდან: მოდით, დავაფიქსიროთ, უკრაინას, აბსოლუტურად დაზუსტებით, არ აქვს არანაირი კავშირი ამ მოვლენებთან. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი, ფართომასშტაბური, უზარმაზარი, ინტენსიური ომი რუსეთის რეგულარულ არმიასთან და რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინისთვის ყველაფერი გადაწყდება სწორედ ბრძოლის ველზე. მნიშვნელოვანია ეფექტიანი საბრძოლო მოქმედებების, შეტევითი მოქმედებების ჩატარება რუსეთის რეგულარული არმიის გასანადგურებლად და ამ ომის ამგვარად დასასრულებლად”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არასდროს გამოუყენებია ომის ტერორისტული მეთოდები. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთის უახლეს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა პრეცედენტები, როდესაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტები გამოიყენებოდა თავდასხმითი საბრძოლო მოქმედებების გასამართლებლად.