16 სექტემბერი 2026,   05:49
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ კონფერენცია გაიმართა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციაზე, რომელსაც 100-მდე ბრიტანელი ინვესტორი დაესწრო, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მან ბრიტანელ ინვესტორებს ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ლიბერალური საგადასახადო და ბიზნეს გარემო, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ოფიციალური პრეზენტაციების გარდა, რომელიც ასევე გააკეთეს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ საინვესტიციო მიმართულებებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, IT - ინდუსტრია, ტექნოლოგიები, უძრავი ქონება, ტურიზმი და ტურიზმი და სხვ.

კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორის, ალკის ვრიენიოს დრაკინოსის განცხადებით, შესანიშნავი ფორუმია, რათა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

"დღეს მე აქ, ლონდონში, ვესწრები საქართველოს მეორე საინვესტიციო ფორუმს, რომელიც არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენთვის და მონაწილეებისთვის, რეალური ინფორმაცია მივიღოთ საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე და იმ დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას შეუძლია მომავალში შემოგვთავაზოს. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც ენერგიის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრს შუა დერეფანში. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს და მოგვცეს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსით, რომელიც მან ახლახან მოიპოვა და სხვადასხვა ინსტიტუტები, მაგალითად, EBRD, მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს ეკონომიკის ამ სექტორს", - განაცხადა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

დღის ამბები