ტერორისტული დანაშაულის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე მიდიან. დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ. დაკავებულთაგან ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია.
"კურიერმა" გაარკვია დაკავებულების ვინაობა. ერთ-ერთი დაკავებული მურად თავართქილაძეა, რომელიც გუშინ სიღნაღში, სოფელ ერისიმედში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მეორე ბრალდებული კი ედგარ აბასოვია, ის ქვემო ქართლის რეგიონში დააკავეს.
აბასოვის ადვოკატი ცოტა ხნის წინ უკვე შევიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ისე, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მურად თავართქილაძის უფლებების დამცველის თქმით, არ იცის დადიოდა თუ არა თავართქილაძე თურქეთსა და სირიაში დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბრალდებულს საქართველოს საზღვრის კვეთისას პრობლემები შეექმნა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერჯერობით არ შევხვედრივარ იქიდან გამომდინარე, რომ გვიან დამიკავშირდა მისი ოჯახის წევრი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ ოფიციალურად ბრალი არ აქვს წარდგენილი. მას ჰქონდა საქართველოდან გასვლის პრობლემა, კონკრეტულად რის გამო ვერ მიდიოდა, არ ვიცი", - განაცხადა ნატალია წიკლაურმა.
სპეცოპერაცია უსაფრთხოების სამსახურმა ორ რეგიონში, ოთხ ადგილას ერთდროულად ჩაატარა. გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის და მისი შექმნა ან ხელმძღვანელობის მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.