01 ოქტომბერი 2026,   04:48
ვრცლად
გაუგებარი და შეურაცხმყოფელია ის კამპანია თითოეული ოჯახისთვის, ვისაც დღეს მართლა სჭირდება დახმარება - არჩილ თალაკვაძე  "მაკდონალდის" მიერ გამოკრულ ბანერებზე

პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა, "მაკდონალდის" მიერ გამოკრული ბანერები, სადაც წერია, რომ საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი შიმშილობს.

"ქართული ოცნება" დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი თქმით, მიზანი საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვაა, მონაცემები კი მცდარია.

კერძოდ, უმრავლესობა აცხადებს, რომ ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებში, ბავშვების რაოდენობა 183 000-ია. განმარტება გააკეთა "მაკდონალდს საქართველოს" მფლობელმა თემურ ჭყონიამ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, გაუგებარია და შეურაცხმყოფელია ის კამპანია თითოეული ოჯახისთვის, ვისაც დღეს მართლა სჭირდება დახმარება.

"დღეს არაერთი ოჯახი რჩება საქართველოში, ვისაც კიდევ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, ვისაც კიდევ სჭირდება ჩვენი დახმარება. რეალურად, ამ ადამიანებს ესაჭიროებათ არა სარეკლამო ბანერები, არა სარეკლამო კამპანია, არამედ ესაჭიროებათ რეალური დახმარება, ამიტომ მართალი გითხრათ, გაუგებარია და შეურაცხმყოფელია ის კამპანია თითოეული ოჯახისთვის, ვისაც დღეს მართლა სჭირდება დახმარება, რომელსაც ვხედავთ ქვეყნის მასშტაბით. საინტერესოა მართლა რა რესურსი იხარჯება ამაზე და ამ რესურსით რამდენი ოჯახის დახმარება შეიძლებოდა დამატებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლება განაგრძობს თავის პასუხისმგებლობის შესრულებას, სოციალური პოლიტიკის, ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. იცით, რომ ყოველწლიურად ვზრდით ბიუჯეტს, მეტ რესურსებს მივმართავთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან გამოწვევების წინაშე, ჯერ კიდევ რჩებიან უმუშევრობის და სხვა პრობლემების წინაშე და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის გაგრძელებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის სოზარ საუბარის განცხადებით, სამწუხაროა, რომ თემურ ჭყონიას "კოკა-კოლა" და "მაკდონალდსი" ფეიკ კამპანიაში ჩაერთო, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

"ძალიან სამწუხაროა, რომ "კოკა-კოლა" და "მაკდონალდსი" ჩაერთნენ ფეიკ კამპანიებში, რომლებიც არის არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული, ეს მართლა არ ჯდება არანაირ სტანდარტში, რომელსაც ეს კომპანიები ახორციელებენ და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, თემურ ჭყონია არღვევს იმ ტრადიციულ ხაზს, რომელიც ჰქონდა "კოკა-კოლას" და "მაკდონალდს" და ტყუილებს ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს და საერთაშორისო საზოგადოებას. ბავშვების რაოდენობა, რომლებზეც არის ლაპარაკი, ეს ის ბავშვებია, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ დაუნიშნა ყოველ თვიური 200 ლარი დახმარება და ესენი არიან არა ის ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან, არამედ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, ოღონდ ეს რიცხვი უფრო მეტია ვიდრე სინამდვილეში შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალურად დაუცველების რაოდენობა იმიტომ, რომ დღეს ჩვენს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები, სოციალურად დაუცველის სტატუსის გადახედვა არ ხდება. იმათ ვისაც შეიძლება ეკუთვნოდეთ, რომ აღარ იყვნენ სოციალურად დაუცველები, მათ არ უწყდებათ სტატუსი, სამაგიეროდ თუკი ახალი ჩნდება ის მათ ემატება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები