"აზიმუტის" თვითმფრინავი თბილისში დაახლოებით პირველ საათზე დაეშვა. ეს არის პირველი პირდაპირი რეისი მას შემდეგ, რაც პუტინმა საკუთარი აკრძალვები მოხსნა. მოსკოვიდან ჩამოსულებს შორის იყვნენ ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარე, მერაბ ჭირაქაძე, "საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის" ხელმძღვანელი, ვალერი კვარაცხელია და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ისინი საკუთარი შრომის შედეგს უწოდებენ პუტინის გადაწყვეტილებას მოეხსნა აკრძალვები.
"საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ, და კონკრეტულად იმ შედეგმა, რაზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს," - აღნიშნა მერაბ ჭირაქაძემ.
"სავიზო რეჟიმი რუსეთთან მოხსნილია, ფრენები აღდგენილია, ვისაც უნდა იფრენს, ვისაც არ უნდა - არ იფრენს. შემდეგი ეტაპი იქნება რუსეთთან კეთილმეზობლობა, რუსეთთან დიალოგი პირდაპირი, სხვების დახმარებისა და ჩარევის გარეშე," - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, მოსკოვიდან პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. ხმაურია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმართება საპროტესტო აქცია. პირველი რეისის შესრულებას შეხვდნენ სტვენით, შეძახილებით და ბანერებით. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკავებულია ექვსი პირი, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დასტურდება.