თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. ასევე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე.
პროკურატურა მეფარიძეს ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ედავება.
"დაიკითხა ბრალდების მხარის ერთ0-ერთი მოწმე, რომელიც არის დაზარალებულის ახლობელი. ამ ადამიანმა დაადასტურა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კერძოდ, ის გარემოება რომ არჩილ მეფარიძის მიერ ნამდვილად ჰქონდა ადგილი როგორც ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ასევე მუქარის ფაქტს ლელა ჯუღელის მიმართ. საქმეში არის წარმოდგენილი საკმარისი შესაბამისი მტკიცებულებები, როგორც მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, ასევე ვიდეო ჩანაწერები, რომელიც არის ყველაზე ობიექტური მტკიცებულება, ვინაიდან, ცალსახად იქ არის ასახული გარემოებები, თუ რა ქმედებებს აქვს ადგილი არჩილ მეფარიძის მხრიდან და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გახლავთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ნამდვილად არის შესაბამისობაში დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციასთან," - აცხადებს პროკურორი, თამარ ყულჯანიშვილი.
სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. სავარაუდო ძალადობის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალს ედავება, 2022 წლის 7 აპრილს მოხდა. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის.
აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი ოფიციალურად 28 აპრილს წარედგინა. მას 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.