ყველა ბავშვი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე, რაც არის 300 ბავშვი წელიწადში, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
როგორ პრემიერმა განმარტა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.
"საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს. რომელსაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აფინანსებს, მათთვის გამოყოფილი არის დაახლოებით10 მილიონი ლარი წელიწადში. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დღეს, არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ.
რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს ყველა მოქალაქეს არ აქვს და სახელმწიფოსაც იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, ასეთი მომსახურება.
ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს უკვე რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს,"-განაცხადა პრემიერმა.