მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ოპოზიცია ამბობს, რომ არსებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ყოფილი პრეზიდენტი და ერთადერთ გამოსავლად მის საზღვარგარეთ გადაყვანას ასახელებენ.
"ძალიან მძიმეა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა. თითოეული დღე მიხეილ სააკაშვილისთვის არის დაკარგული და თითოეული დღე არის აუნაზღაურებელი მისი ჯანმრთელობისთვის და მისი სიცოცხლისთვის. აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, მოხდეს მისი სასწრაფო გადაყვანა. ხელისუფლებაში თუ ვინმეს მაინც ოდნავ რაციონალური რამე შერჩა, მათ უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ეკისრებათ მათ," - ამბობს ანა წითლიძე.
კონსილიუმის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს უმრავლესობა და კიდევ ერთხელ საუბრობენ სააკაშვილის თვითდაზიანებაზე.
"ამ კონსილიუმს უნდა განეხორციელებინა დაკვირვება იმაზე, თუ რა პროცედურები უტარდებოდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს და არა ის, რომ თვითონ განეხორციელებინა მისი ჯანმრთელობის შემოწმება და გარკვეულწილად, დიაგნოზები და თავისი დასკვნები დაედო. შესაბამისად, ამ კონსილიუმის მხრიდან გაკეთებული დასკვნა ვერანაირად ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვენდოთ ამ დასკვნას," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
კონსილიუმის დასკვნით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, სააკაშვილს კუნთების განლევა, სხეულის მასის პათოლოგიური კლება, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება და დეპრესია აქვს.