01 ოქტომბერი 2026,   02:48
ვრცლად
საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელი - "აითიბი ბერლინი 2023-ზე" ქვეყანა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა

საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელი - "აითიბი ბერლინი 2023-ზე" ქვეყანა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უწყვეტ ტრადიციებზე, კულტურაზე, ისტორიასა და იდენტობაზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი კერა იყო და გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობდა.

პრემიერმა ისაუბრა ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათზეც - სტუმართმოყვარეობასა და დაუმარცხებელ, თავისუფლების მოყვარე ქართველი ერის ხასიათზე.

"საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა" - ამბობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერი.

რობერტ ჰაბეკი სიტყვით გამოსვლისას იხსენებს, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები ჩავიდნენ, რომ ესწავლათ, რა უნდა გაეკეთებინათ.

ბერლინის გამოფენის გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს სიტყვით ბერლინის მერმაც მიმართა. ფრანცისკა გიფაიმ ორი ქვეყნის - საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საერთაშორისო გამოფენას, რომელსაც საქართველო მასპინძლობს დიდი მოლოდინი აქვს.

"ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს და ვიტყვით, რომ ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ" - პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო თავისი ისტორიით და კულტურით, წარსულით და თანამედროვეობით ამას იმსახურებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის პირველი დღე გალა-კონცერტით დასრულდა. მასში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, "სუხიშვილების" ქართული ნაციონალური ბალეტი და ანსამბლი "რუსთავი" მონაწილეობდნენ. ღონისძიების შემდეგ გაიმართა მიღებაც.

გერმანია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 3 დღის განმავლობაში დარჩება. ბერლინი 180 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლებს.

დღის ამბები