კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ევროპარლამენტში საგანგებო დებატები მოეწყო. საუბარია კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 5 პირის საქმეზე.
ევროპელი დეპუტატები სირცხვილსა და შავ ლაქას უწოდებენ საკანონმდებლო ორგანოში გამოვლენილ შემთხვევას და რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომლებმაც მომავალში კორუფციის პრევენციას უნდა შეძლოს. იყო ინიციატივა ევროკავშირში ეთიკის სისტემის გადახედვასთან მიმართებითაც.
ევროკომისიის შინაგან საქმეთა კომისარი, ილვა იოჰანსონი მომხდარს სირცხვილს უწოდებს და ამბობს, რომ კორუფცია სერიოზული დანაშაულია.
"მადლობა რომ აქ შეიკრიბეთ და მომხდართან დაკავშირებით გამოხატეთ თქვენი ბრაზი და ფრუსტრაცია. რაც მოხდა ეს ჩვენთვის სირცხვილია. საჭიროა ერთიანი მიდგომები იმისთვის, რომ აღვადგინოთ ნდობა. კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობაა. ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია, რომელიც ჩვენს დემოკრატიას, ეკონომიკასა და საზოგადოებას ძირს უთხრის. გაერთიანებამ უნდა ისწავლოს გაკვეთილი და აიღოს პასუხისმგებლობა," - აცხადებს ილვა იოჰანსონი.
ევროპარლამენტის წევრი, ანა მირანდა აცხადებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა მოითხოვონ.
"მომხდარის გამო ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. არ უნდა დავუშვათ რომ მესამე ქვეყნებმა ზეგავლენის მოხდენა სცადონ ევროპარლამენტის პოლიტიკაზე. ჩვენ მოვითხოვთ ნულოვან ტოლერანტობას კორუფციის წინააღმდეგ. ეს სკანდალია, რადგან ჩვენ აქ ჩვენ ქვეყანას წარმოვადგენთ. გამჭირვალობა და ერთიანობა ახლა ჩვენი მიზანი უნდა გახდეს,“ - ამბობს ანა მირანდა.