ორი რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს - დაღუპულია ორი ადამიანი.
სააგენტო "ესოშიეითიდ პრესი" შეერთებული შტატების დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტები რუსული წარმოებისაა.
სოფელ ფშევოდუვში მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო, რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
ის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ადამიანის სიცოცხლე რუსული წარმოების რაკეტამ იმსხვერპლა, დაადასტურა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ამბობს, რომ რაკეტები, სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, ვინ გაუშვა ისინი.
შემთხვევის გამოსაძიებლად პოლონეთში ამერიკელი ექსპერტები ჩავლენ.