01 ივლისი 2026,   15:03
ვრცლად
თანამედროვე სამყაროში ტერორისტი ან მათი თანამზრახველი დაუსჯელი არ დარჩება-ზელენსკი ირანულ დრონებზე 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დრონებთან დაკავშირებით თეირანის აღიარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანის მტკიცება, თითქოს რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები მცირე რაოდენობით უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მიაწოდა, მცდარია.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ირანელი ინსტრუქტორები რუს სამხედროებს უპილოტო დრონების მართვას ასწავლიან. გუშინ ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს. თუმცა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა.

"ირანელებმა გადაწყვიტეს დაედასტურებინათ, რომ მათ რუსული ტერორი დრონებით აღჭურვეს. თუმცა ამ აღიარებაშიც იცრუეს. ირანულ დრონებს დღეში მინიმუმ ათს ვაგდებთ და ირანის რეჟიმი აცხადებს, რომ მან თითქოს რუსეთს მცირე რაოდენობა მიაწოდა , თანაც, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. გუშინ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში განადგურდა 11 შაჰედი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს უპილოტო დრონების მართვას ასწავლიდნენ - თეირანი კი ამაზე დუმს. თუ ირანი გააგრძელებს ტყუილს, ეს ნიშნავს რომ, მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გაწევს, გამოიძიოს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტული თანამშრომლობა და თუ რას უხდის რუსეთი ირანს ასეთი თანამშრომლობისთვის. თანამედროვე სამყაროში არ იქნება ისეთი რამ, რომ რომელიმე ტერორისტი ან მათი თანამზრახველი დაუსჯელი დარჩეს,"-აცხადებს ვოლოდიმირ ხელენსკი.

 

დღის ამბები