01 ოქტომბერი 2026,   01:30
ვრცლად
აშშ-ში აცხადებენ, რომ "დიდმა შვიდეულმა" რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი უნდა დააწესოს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს განცხადებით, OPEC-ის გადაწყვეტილებამ - ნავთობის დღიური მიწოდების 2 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ, გლობალურ ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგა.

სააგენტოს შეფასებით, მზარდი ინფლაციური წნეხისა და მსოფლიოს მასშტაბით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ნავთობის გაზრდილი ფასები, შესაძლოა, სწორედ ის გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელიც გლობალურ ეკონომიკას რეცესიამდე მიიყვანს. მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიშში დაწერა, რომ "მოსახლეობის დიდი ნაწილი რეცესიას 2023 წელს იგრძნობს."

"გლობალური ეკონომიკის მესამედი ორი კვარტლის განმავლობაში მშპ-ის შემცირების წინაშე აღმოჩნდება; აშშ-ის, ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკა შენელებას განაგრძობს," - ვკითხულობთ ანგარიშში.

აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი მიიჩნევს, რომ "დიდმა შვიდეულმა" რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი აუცილებლად უნდა დააწესოს, ზედა ზღვარი კი ბარელზე დაახლოებით 60 დოლარის ფარგლებში უნდა განისაზღვროს.

იელენის შეფასებით, 60 დოლარი რუსეთს მისცემს იმის საშუალებას, რომ ნავთობი მინიმალური მოგების სანაცვლოდ აწარმოოს და დასავლეთის ბაზრიდან გასვლა არ გადაწყვიტოს, თუმცა ზედა ზღვარი ამავდროულად მნიშვნელოვნად შეზღუდავს კრემლის საბიუჯეტო შემოსავლებს და საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

სექტემბერში "დიდი შვიდეულისა" და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს - მხარეებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციის მიღება გადაწყვიტეს, რომელიც რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასის ზედა ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს. თუმცა, ჯერჯერობით ფასის ლიმიტი დამტკიცებული არ არის და არც საბოლოო დეტალებია შეთანხმებული "დიდი შვიდეულის" წევრ სახელმწიფოებს შორის.



დღის ამბები