ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული ბავშვის მდგომარეობას დღეს თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები გაეცნენ.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე. მისი თქმით, კრიტიკულმა პერიოდმა მშვიდად ჩაიარა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა დადებითია.
"ყველაზე კრიტიკულმა 24 საათმა ჩაიარა მშვიდობით, დადებითია დინამიკა. ანალიზებიც დღევანდელ მდგომარეობასთან შეფარდებით არის სრულიად მისაღები. რაც შეეხება მეორე ბავშვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სრულად სტაბილური და როგორც ექიმებს ვესაუბრე იაშვილის კლინიკაში, დღეს დიდი ალბათობით ის გაწერილი იქნება კლინიკიდან," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურებაზე საუბრობს პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარიაც. მისი თქმით, ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილი:
"ვესაუბრე ბატონ დავით ციბაძეს, ვინც ახლა ხელმძღვანელობს ამ რეანიმაციულ პროცესს და რაც მთავარია ისინი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი მშობლების და ამ ბავშვის გულშემატკივრების გასახარად. ბავშვი ჯერ კიდევ იმყოფება რეანიმაციაში და ნაკლებად მძიმე, თუმცა მაინც, აღდგენის პროცესი წინ არის," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
არსებული ინფორმაციით, გუშინ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.