გადაწყვეტილება მიღებულია - 2002 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ეუთო/ოდირის გარეშე ჩაივლის. სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა არ მიიწვია, რის გამოც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია სენატორი ჯინ შაჰინის კრიტიკის ობიექტი გახდა.
თავისუფლების, გამჭვირვალობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი - ასე შეაფასა შაჰინმა ტრამპის გადაწყვეტილება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კი ფაქტს სამწუხარო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ სადამკვირვებლო მისია შტატების მიწვევას მომავალში მაინც მიიღებს.
ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილება, ოფიციალური თბილისისთვის ლოგიკური და მოსალოდნელი იყო. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, დღეს საერთაშორისო ინსტიტუტები ნდობის კრიზისს განიცდიან. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სადამკვირვებლო მისიებს დესტრუქციის, რევოლუციური პროცესების განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად იყენებენ რისი დასტურიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებია.
ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკისგან დღეს თავი შეიკავეს ხელისუფლების ოპონენტებმა. იმის მიუხედავად, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ეუთო/ოდირი არჩევნებზე არ მიიწვია, ოპოზიცია მაინც არ აღიარებს, რომ სადამკვირვებლო მისიამ შტატების ნდობა დაკარგა.
ტრამპის გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის იმ პოლიტიკის, გაგრძელებაა რომლითაც ახალი ადმინისტრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის მიზეზი კი, "ქართული ოცნების" თქმით, ინსტიტუტების უსამართლო, არაობიექტური და მიკერძოებული დამოკიდებულებაა. მმართველი გუნდის წევრებმა დღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ეუთოს დასკვნაც გაიხსენეს. უმრავლესობის თქმით, მაშინ სადამკვირვებლო მისიამ საერთაშორისო ზეწოლას ვერ გაუძლო და საკუთარი, პოზიტიური დასკვნაც ვერ დაიცვა.
შტატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ინსტიტუტებს რეპუტაცია აქვთ შელახული, ტრამპის ნაბიჯიც გასაგები ხდება.
ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად, შტატებმა ეუთო/ოდირი არჩევნებზე არ მიიწვია.
ავტორი: ნანა გოგატაძე