ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, საერთო გამოწვევები, უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლა, ოკუპაცია და ჰიბრიდული საფრთხეები - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილა.
ტანზანიაში ქართული დელეგაციის ვიზიტი წარმატებულიც აღმოჩნდა და ისტორიულიც - სწორედ ასამბლეის ფარგლებში შედგა ნაურუსა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, პირველი შეხვედრა საპარლამენტო დონეზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტზე, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უპირობოდ აღიარებდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ქალაქ არუშაში მყოფი ქართული დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს უზბეკეთისა და მასპინძელი ქვეყნის - ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შეხვდნენ. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში.
საპარლამენტთაშორისო კავშირი 180 ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა.
ტანზანიის ქალაქ არუშაში, რიგით 153-ე ასამბლეა 5 ოქტომბერს გაიხსნა და 9 ოქტომბერს, ახალი თავმჯდომარის არჩევით დასრულდება.