ოკუპანტების ტყვეობაში ყოფნის დროს, უკრაინის დამცველებიდან არცერთს წითელი ჯვრის წარმომადგენელი არ უნახავს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარზე, დმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით წერს.
"სამხედრო ტყვეებიდან, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ, არცერთს საერთაშორისო კომიტეტის წითელი ჯვრის წარმომადგენელი არ უნახავს. ეს არის დარღვევა, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანდატის შეუსრულებლობა," - ამბობს ის.
უკრაინის ადამიანის უფლებების ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი ამბობს, რომ მათი მანდატი აგრესორ ქვეყანას ჟენევის კონვენციის შესრულებას უნდა აიძულებდეს.
"ისინი მარიუპოლში ჩვენი გმირების „აზოვსტალიდან“ გამოსვლის დროს იქ იმყოფებოდნენ, და თავიანთი მანდატის თანახმად, იღებდნენ ყველაფრის გადამოწმების ვალდებულებას, არსებული ვითარების მონიტორინგის ვალდებულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საერთოდ არ განხორციელებულა," - განაცხადა დმიტრი ლუბინეცმა.