მეფე ჩარლზმა და მისმა ცოლმა, კამილამ ბუკინგემის სასახლეში მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს, რომლებიც ლონდონში დედოფლის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ. ისტორიულ ღონისძიებას უკვე უწოდეს "საუკუნის მიღება". ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებიდან ბუკინგემის სასახლეში გამართულ მიღებას კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, ავსტრალიის პრემიერი ენტონი ალბანიზი, ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდენი და იამაიკის გენერალური გუბერნატორი პატრიკ ალენი იმყოფებოდნენ.

ლონდონში გუშინ ჩაფრინდნენ, ასევე, ჯო და ჯილ ბაიდენები, ამერიკის პრეზიდენტი და მისი ცოლი ბუკინგემში ჯავშნიანი ავტომობილით მივიდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი ცოლი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, იტალიის პრეზიდენტი მატარელა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

მეფის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სტუმრების სიაში არიან, მონაკოს მეფე და დედოფალი, ესპანეთის, შვედეთის, იაპონიის ნიდერლანდების მონარქები.

დედოფალს დღეს დაკრძალავენ. თბილისის დროით 14:00 საათზე მას ვესტმინსტერის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენებენ. პროცესიას თან გაჰყვებიან სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის, მეფე ჩარლზი და მისი ვაჟები: უილიამი და ჰარი.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალს, სპეციალური გამოშვების საშუალებით, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.