უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა. იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა, თავდაპირველად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს უკრაინული მიწების გათავისუფლებისთვის, რის შემდეგაც, საკრებულოს შენობის თავზე უკრაინის დროშა საზეიმოდ აღიმართა.
"ხარკოვში განცდილი მარცხის აღიარებით კრემლი ცდილობს, კრიტიკა პუტინიდან თავდაცვის სამინისტროზე გადაიტანოს,- ნათქვამია "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ კრემლმა ხარკოვის ოლქში მარცხი აღიარა, რაც პირველი შემთხვევაა თებერვლის შემდეგ.
"მე ნამყოფი ვარ აქ ადრე. ეს რეგიონი ძალიან კარგად ვიცი, ის რასაც აქ ვხედავთ ჩემთვის შოკისმომგვრელი არ არის, რა თქმა უნდა, ნანახი ზოგადად შოკისმომგვრელია, მაგრამ არა ჩემთვის, რადგან ჩვენ იგივე სურათები ვნახეთ ბუჩაში. დანგრეული შენობები, მოკლული ხალხი. ეს ჩვენი რეალური ისტორიის ნაწილია, ეს თანამედროვე რუსეთის სახეა. დიახ, ეს მათ გააკეთეს. მხოლოდ მათ,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.