03 ივლისი 2026,   18:44
ვრცლად
უნგრეთი ევროკავშირის სანქციების სიიდან სამი რუსი ოლიგარქის ამოღებას ითხოვს – ვის ლობირებს ბუდაპეშტი

უნგრეთი ევროკავშირის სანქციების სიიდან სამი რუსი ოლიგარქის ამოღებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით გავლენიანი გამოცემა POLITICO აქვეყნებს.

ევროკავშირს 15 სექტემბრამდე აქვს ვადა, რათა განაახლოს და გაახანგრძლივოს არსებული სანქციები, თუმცა ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიცია შესაძლოა მორიგი სადაო თემა გახდეს.

"ბუდაპეშტმა მოითხოვა რუსეთის სამი მოქალაქის ამოღება ევროკავშირის სანქციების სიიდან. ამ ნაბიჯმა აღაშფოთა ევროკავშირის სხვა ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მწარე გამოცდილება უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პოზიციის გამო, რუსულ ნავთობთან დაკავშირებით," - წერს POLITICO.

გამოცემასთან საუბრისას ორი დიპლომატი ყვება, რომ რუსი ბიზნესმენები, რომელთა სიიდან ამოღებას უნგრეთი ითხოვს, არიან: ალიშერ უსმანოვი, პეტრ ავენი და ვიქტორ რაშნიკოვი.

უსმანოვმა მილიარდობით ქონება სამთო და საინვესტიციო სფეროში დააგროვა. ის არის საფეხბურთო კლუბ “არსენალის“ ყოფილი აქციონერი; ევენი არის ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის უდიდეს კომერციულ ბანკს; რაშნიკოვი რკინისა და ფოლადის მაგნტად მიიჩნევა.

უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა, რომ სანქციების სიაზე ევროკავშირი ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს .

"ევროკავშირში სანქციების სიები მუდმივად განიხილება და მუდმივად არსებობს შეშფოთება, რომ სანქციების სიაში გარკვეული პირების ან სუბიექტების შეყვანა საკმარისად არ არის დასაბუთებული," - დაწერა მან ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან დამატებითი გაზის მიწოდების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, უნგრეთი დღეში დამატებით 5,8 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, უკვე მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობის გარდა.

"უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ თქვა, რომ შეთანხმების მიხედვით, უნგრეთი რუსეთიდან გაზს სერბეთის გავლით მიიღებს. “ეს ნიშნავს, რომ უნგრეთში საკმარისი გაზი გვექნება," - ამბობს უნგრეთის პირველი დიპლომატი.

ცნობისთვის: უნგრეთი დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე. ის გაზის დაახლოებით 80 პროცენტს გაზპრომიდან იღებს და ამიტომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნებისმიერ სანქციებს რუსულ ენერგორესურსებზე.

დღის ამბები