მექსიკელი ქალი, რომელსაც ნარკორეალიზატორებთან კავშირისთვის ზედმეტსახელად "წყნარი ოკეანის დედოფალი" შეარქვეს, ამტკიცებს, რომ სერიალი "სამხრეთის დედოფალი" მისი ცხოვრების მიხედვითაა გადაღებული და "ნეტფლიქსისგან" კომპენსაციას ითხოვს.
სანდრა ავილა ბელტრანმა საჩივარი მექსიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში შეიტანა. ბელტრანის თქმით, პერსონაჟი ტერეზა მენდოზა (სამხრეთის დედოფალი) შთაგონებულია მისი ისტორიით.
ავილა ბელტრანს "ნეტფლიქსისგან" და ესპანურენოვანი სატელევიზიო ქსელის "ტელემუნდოსგან" სერიალით მიღებული მოგების 40 პროცენტიანი ჰონორარი სურს.
ამის საპასუხოდ, "ნეტფლიქსი" და "ტელემუნდო" ამტკიცებენ, რომ ავილა ბელტრანის ცხოვრება "საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია", ამიტომ საჩივრის საფუძველი არ არსებობს.
სანდრა ავილა ბელტრანი 2007 წელს ნარკოკარტელსა და კოლუმბიელ ტრეფიკიორებს შორის შუამავლობისთვის დააკავეს.
"სამხრეთის დედოფალი" ეფუძნება ესპანელი მწერლის, არტურო პერეს-რევერტეს ამავე სახელწოდების რომანს მექსიკელ ქალზე, რომელსაც ნარკობარონებთან კავშირი აქვს.
სერიალის მეორე სეზონმა საუკეთესო არაინგლისურენოვანი სერიალისთვის ემის ჯილდო მოიპოვა.