მსოფლიოში იზრდება რეცესიის რისკები და ინფლაცია. რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის მოსათოკად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რაც ბოლო ათწლეულში პირველად მოხდა. უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა. ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელი 2%-ია. ამჟამად კი ევროკავშირში ინფლაცია 9.6%-ს აღწევს, ევროზონაში - 8.6%-ს, ორივე მონაცემი ისტორიული მაქსიმუმია.
ევროკავშირის მასშტაბი ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე ესტონეთში (22.0%), ლიეტუვასა (20.5%) და ლატვიაში (19.2%) ფიქსირდება; ხოლო ყველაზე დაბალი დონე მალტაში (6.1%), საფრანგეთსა (6.5%) და ფინეთშია (8.1).
ევროკავშირში რეცესიას პროგნოზირებენ მსოფლიოს საინვესტიციო ბანკები, თუმცა, ოფიციალური ბრიუსელი, მსგავს ნეგატიურ მოლოდინებს არ იზიარებს.
40-წლიან მაქსიმუმს - 9.1% -ს მიაღწია ივნისში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა დიდ ბრიტანეთში. საპასუხოდ, ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. რეფინანსირების განაკვეთი 1.25%-მდე გაიზარდა მაისში. ექსპერტების შეფასებით, აგვისტოში დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით ისევ მოიმატებს. ინგლისის ბანკის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანაში ინფლაციის დონე 11%-იმდე გაიზრდება, შემდეგ კი შემცირებას დაიწყებს.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კი მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა და რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-დან 8%-მდე შეამცირა. ეს ომამდე არსებულ განაკვეთზე დაბალია. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე უარს ამბობს თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 79%-ია. ამას ემატება ლირის მკვეთრი გაუფასურებაც. ექსპერტები მონაცემებსაც და სტატისტიკის სამსახურისა და თურქეთის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასაც, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. თურქეთში ინფლაციის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 14%-მდე შემცირება სახელდება, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. ერდოღანი კი ამბობს, რომ მონეტარულ პოლიტიკას მომავალშიც შეამსუბუქებს.