



უკრაინა-საქართველოს საკალათბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს, უკრაინის ნაკრების მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, საფინალო სირენის შემდეგ მეტოქის ლატვიელმა მწვრთნელმა საქართველოს გუნდის მისამართით უხამსი ჟესტი გამოიყენა, რამაც ქართველი კალათბურთელების გაღიზიანება გამოიწვია.
უკრაინელთა მწვრთნელმა განმარტა, რა მოხდა შეხვედრის დასრულების ბოლოს. მისი თქმით, დაძაბულობა მის მიერ აღებული წუთშესვენების გამო დაიწყო.
"კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ოთხი გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში ვიყოთ და მათ შორის იყოს საქართველოც. სწორედ ამ სცენარზე ვფიქრობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულების მოპოვება ვერ შევძელით. თუ საბოლოოდ ერთი ქულა დაგვაკლდება, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. ამიტომ ვცდილობდით ბოლო წამზე ქულების მოპოვებას. კარგად ვიცი წესები და თამაშის კოდექსი. ვიცი, რომ მეტოქის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა ძირს დაეშვან ან წიგნი წაიკითხონ," - განაცხადა ბაგაცკისმა.