30 ივნისი 2022,   01:24
ვრცლად
გვარამიას საქმის პოლიტიკური და სამართლებრივი ანატომია - მედიამენეჯერის დაკავების მოტივი და დრო კვლავ პოლიტიკური ბრალდებების მთავარი თემაა

ნიკა გვარამიას დაკავების მოტივი და დრო, კვლავ პოლიტიკური ბრალდებების მთავარი თემაა. ოპოზიციური ძალების უმრავლესობა ეჭვობს, რომ მედიამენეჯერის დაკავება, ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად განხორციელდა. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ თბილისი ბრიუსელისგან ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს, მეორე მხრივ კი, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე კითხვებს აჩენს.

ნიკა გვარამიას საქმეში მმართველი გუნდი პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის დაკავება, ევროპისკენ მიმავალ გზაზე წინაღობა ვერ გახდება. სახელისუფლებო გუნდი პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს პოლიტიკურზე მაღლა, ქვეყნის ინტერესი დააყენონ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი იმ კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც, მისი აზრით, შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ხელი შეეშალოს. მაშინ, როცა ქვეყანა ბრიუსელისგან შევსებულ კითხვარზე პასუხს ელოდება, ნიკა გვარამიას დაკავება, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საფრთხის შემცველი და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გადადგმული ნაბიჯია.

სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ოპოზიციის ნაწილს, მმართველი პარტია ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალურ მოძრაობას" და მის პარტნიორ პარტიებს წარსულს ახსენებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ისინი მუშაობდნენ იმაზე, რომ ქვეყანას წლების წინ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. მმართველი გუნდისთვის, ნიკა გვარამიას დაკავების საკითხის დაკავშირება ქვეყნის ევროპულ მომავალთან, სპეკულაციურია.

საერთშორისო პარტნიორების გადაწყვეტილებაში ცვლილებას ელიან სხვა პარტიებშიც, თუმცა ეს განცდა ყველა ოპოზიციუაში ერთნაირი არ არის. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ ევროკავშირის წევრობაზე სტატუსის მიღებისთვის, შესაძლოა საქართველოს გარკვეული პირობების შესრულებისკენ მოუწოდონ, თუმცა ეს, მათი თქმით, ცალსახად ნიკა გვარამიას დაკავების გამო არ იქნება.

პარტნიორების მხრიდან პოზიციის შესაძლო ცვლილებას არ ელოდებიან სახელისუფლებო გუნდში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპონენტების მხრიდან შეფასებები, რეალობას აცდენილია და პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე კეთდება. "ქართული ოცნება" პოლიტიკური ძალების ნაწილის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიღმა კონკრეტულ მიზანს ხედავს.

პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიუხედავად, საქართველომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შევსებული კითხვარი უკვე გააგზავნა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ოფიციალური თბილისი ბრიუსელისგან ელოდება პასუხს, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე სტატუსს, თუ მოუწევს დამატებითი სამუშაოს შესრულება. 

 

დღის ამბები