უკრაინაში გასროლილი ტყვიები და ჩაყრილი ბომბები რუსეთს უკან უბრუნდება - კონკრეტულ რიცხვებში. ის, რაც კლავს, უკრაინის ინფრასტრუქტურას აზიანებს, ადამიანებს აიძულებს სახლები დატოვონ, პირდაპირ ურტყამს და ანგრევს რუსულ ეკონომიკასაც. სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით 15 წლის წინანდელ პერიოდს დაუბრუნდება. ოკუპანტ ქვეყანას ეკონომიკის წლევანდელი პროგნოზები გაუუარესეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა.
ეკონომიკის კლების საპროგნოზო მაჩვენებელი წელს 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს, მომავალ წელს კი 3-დან 7 პროცენტამდე. გათვლებით, სანქციების ეფექტი რუსეთისთვის გრძელვადიან პერიოდში უფრო მძიმე იქნება. 15 აპრილიდან საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები რუსულ კომპანიებს აღარ შეაფასებენ. ეს გადაწყვეტილებაც ევროკავშირის სანქციების ნაწილია.
მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა კი არც აგრესიას წყვეტს და არც ულტიმატუმების ენით საუბარს. პუტინმა ევროპის დასაშანტაჟებლად ტრადიციულ იარაღს - ენერგოპროდუქტებს მიმართა. კრემლის ლიდერის სურვილია ე. წ. არამეგობრულმა ქვეყნებმა - მათ შორის, ევროკავშირმა, რუსული გაზი რუბლში შეისყიდოს. რუსეთის ულტიმატუმს ევროკავშირმა რუსული ვალუტით ანგარიშსწორებაზე უარით და შეერთებულ შტატებთან დადებული ხელშეკრულებით უპასუხა. ევროპა ამერიკიდან მინიმუმ 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიიღებს. ევროპისთვის ნავთობის და გაზის ექსპორტს ზრდის კანადაც. სახელმწიფოებს, რომელთაც სურთ რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულება შეამცირონ, დაეხმარება დიდი შვიდეულიც.
ევროპამ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისთვის წერტილის დასმა გადაწყვიტა. პროცესი დაიძრა. ბრიუსელი მოსკოვს პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა ეუბნება, რომ კრემლი ენერგორესურსებს ევროპის დასაშანტაჟებლად ვეღარ გამოიყენებს. ენერგოდამოუკიდებლობა ორ გზაზე გადის: ახალი მიმწოდებლები და განახლებადი ენერგია. ამ დროისთვის, ევროპის მიერ მოხმარებულ გაზში, დაახლოებით, 40 პროცენტი რუსულია. დასავლეთი მუშაობს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზეც. კრემლის შეფასებით, ეს ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობები მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში და ყველაფერს დაარტყამს.
ბუნებრივი აირის ნაწილში არა, თუმცა, ზოგადად, სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთიც და უკრაინაც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ამიტომ ბაზრების დივერსიფიცირება აქტუალური საკითხი გახდა ჩვენთანაც. ომი 33 დღეა გრძელდება. პოლიტიკურის გარდა, უკვე სახეზეა ეკონომიკური ეფექტი. ომი კრიზისად იქცა, რომელმაც პანდემია ჩაანაცვლა და რომელიც მიწოდების ჯაჭვს აფერხებს. გლობალურად გაზრდილია ინფლაცია და რისკები.
პარალელურად, ლარის გაუფასურება საქართველოს სახელმწიფო ვალზე ნეგატიურად მოქმედებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.12 მილიარდი დოლარი, ანუ 25.63 მილიარდი ლარია. იანვართან შედარებით სახელმწიფო ვალი დოლარებში $26 მილიონით გაიზარდა, ლარებში კი მატება 908 მილიონი ლარი, ანუ თითქმის ერთი მილიარდი ლარი იყო. ეს ზრდა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ განაპირობა. თუკი 31 იანვარს ერთი დოლარი 3.05 ლარი ღირდა, 28 თებერვალს კურსი 3.15-ს შეადგენდა. ბოლო რამდენიმე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა, რაც სახელმწიფო ვალის ნაშთის ზრდას იწვევს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უახლოეს ორ კვირაში კვირებში ახალ შეთანხმებას წარადგენს. სავარაუდოდ, საუბარია IMF-ის ახალი პროგრამის შესახებ. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4-წლიანი პროგრამა 2021 აპრილში დასრულდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველომ 687 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანამ პანდემიური კრიზისის დროს აითვისა. 2021 წელს მთავრობა პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან კონსულტაციები იმართებოდა, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება ფონდთან ახალი პროგრამა და რა იქნება ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ამ პროგრამის პირობებში უნდა გაატაროს, ჯერჯერობით ცნობილი არაა.
გაძვირდება თუ არა პური? ეს კითხვა ომმა უფრო აქტუალური გახადა. იმპორტიორები ხორბლის იმპორტის 20 პროცენტით გაძვირებაზე საუბრობენ. ფასები მომატებულია შემოტანილ ფქვილზეც, თუმცა, ის შედარებით ნაკლები ღირს, ვიდრე ადგილობრივი წარმოების ფქვილი. პურის მცხობლები პურის გაძვირებას დაახლოებით 2 თვეში და დაახლოებით 20 თეთრით ვარაუდობენ. მანამდე ფასს, მათი განმარტებით, ის 2 თვიანი მარაგი დაიჭერს, რაც ქვეყანას აქვს. მთავრობა განიხილავს ხორბლის სუბსიდირებას როგორც პურის ე.წ. სოციალური დაზღვევის ერთ-ერთ მექანიზმს.
ჯერ არ ვიცით ისიც, ჩაერევა თუ არა სახელმწიფო საწვავის ფასის საკითხში. თუმცა, ვიცით, ოფიციალურ განმარტებებს რომ დავეყრდნოთ, რომ მთავრობა თემით დაინტერესებულია და საწვავის ფასის დაზღვევის მექანიზმზე მუშაობს. დეტალებს ველოდებით. საწვავი კი საქართველოში ისევ ძვირდება. ბენზინის ფასი 4 ლარს მიუახლოვდა. მიზეზი გლობალურად ნავთობის ფასის მატებაა, რასაც თან ერთვის ლარის გაუფასურებაც. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულების შესახებ პროგნოზები პესიმისტურია, მოლოდინები გაურკვეველი. საწვავის ფასის მატება, პირდაპირპროპორციულად ზრდის მოსახლეობის უკმაყოფილებას, რაც საპროტესტო აქციითაც გამოიხატა.