"საქართველოს მოსახლეობს უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ფაქტორს არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში.
"რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მარტა კოსმა რაც არ უნდა თქვას, ის არის დროებითი - დღეს არის ხვალ აღარ იქნება.
ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში ისეთი პროცესები მიდის, დედა შვილს არ აიყვანს. ეს მათი უმსგავსო პოლიტიკის შედეგია - როდესაც შეუძლიათ, გამოვიდნენ და თამამად თქვან, რომ უკრაინა ჯობია საქართველოს მოცემულობით; რომ დღეს მოლდოვა საქართველოზე უკეთესია. ამ დროს, მათ მიერ დაწერილი რეიტინგები საპირისპიროს ამბობს.
ეს უსამართლობა, ეს ორმაგი სტანდარტი ბადებს იმას, რაც დღეს ხდება ევროპის შუაგულში. დღეს, სამწუხაროდ, ევროკავშირი ფაქტორს არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში - ავტორიტეტი, ლიდერი არ დარჩა ევროპაში და, ბუნებრივია, ეს ჩვენთვისაც ცუდია, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. სამწუხაროა, რომ მათ დაივიწყეს ევროპული ღირებულებები, თუმცა, მჯერა, მწამს, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს რამდენიმე წელიწადში სულ სხვა მოცემულობა გვექნება ევროპაში, ევროკავშირში და მერე უკვე, სამართლიანი მიდგომით, ღირსეულ ადგილს დავიკავებთ დიდ, ევროპულ ოჯახში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.