19 სექტემბერი 2026,   15:35
ვრცლად
გთხოვთ, აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს, ჩვენ უკვე გაჩვენეთ,​ როგორია ჩვენი სტანდარტები - ზელენსკიმ ალიანსს სიტყვით მიმართა

აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს სტანდარტებს, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა, რომლებიც უკვე ერთი თვეა, წინააღმდეგობას უწევენ რუსულ აგრესიას, დაამტკიცეს, რამდენად ბევრის გაღება შეუძლია უკრაინას ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

"არასოდეს, გთხოვთ აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ უკვე გაჩვენეთ, როგორია ჩვენი სტანდარტები. ასევე, თუ რამდენი რამის მიცემა შეგვიძლია ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, უსაფრთხოებისთვის. ჩვენ, მართალია, არ ვართ ალიანსის წევრები, არ ვართ იმ 30 სახელმწიფოს მსგავსად უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და ჩვენზე არ ვრცელდება კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის პრინციპი. გვაქვს განცდა,რომ ვიმყოფებით ნაცრისფერ ზონაში რუსეთსა და დასავლეთს შორის და ამავდროულად, ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს. ამას უკვე ერთი საშინელი თვეა ვაკეთებთ. მთელი ამ დროის მანძილზე, რუსეთი უდიდეს თანხას დებდა ადამიანების სიკვდილში, თუმცა ჩვენ მამაცად ვუწევთ მათ წინააღმდეგობას. თუმცა, ამის ფასი ათასობით ადამიანის სიცოცხლეა, ნანგრევებად ქცეული ქალაქები და უამრავი ლტოლვილი...

რუსეთის საჰაერო თავდასხმები გრძელდება ჩვენს ქალაქებზე. მე თქვენ მკაფიოდ და ცხადად მოგმართეთ, რომ დაგეხურათ ცა და ამით მიგეცათ ჩვენი ხალხისთვის თავდაცვის შესაძლებლობა. უკრაინას არ აქვს ძლიერი საჰაერო თავდაცვა, რუსეთს კი ამ მხრივ უპირატესობა აქვს," - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკვე საათნახევარზე მეტია, ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ლიდერები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ უკრაინის და ქვეყნის მხარდაჭერის საკითხს. სამიტზე წევრმა ქვეყნებმა პოზიციები უნდა შეაჯერონ. 

დღის ამბები