28 მაისი 2022,   05:13
ვრცლად
შშმ მოზარდზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - სასამართლომ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

შშმ მოზარდზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული ყოფილი პოლიციელები სასამართლო პროცესზე მხოლოდ სავალდებულო კითხვებს პასუხობდნენ, წარდგენილ ბრალდებებზე არაფერი უთქვამთ. მათ დუმილის უფლება გამოიყენეს.

შეცვლიან თუ არა პოზიციას და აღიარებენ თუ არა დანაშაულს, ეს გამოძიების და სასამართლო პროცესების მსვლელობისას გახდება ცნობილი, მანამდე კი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ორივე დაკავებული ორთვიან პატიმრობაში დატოვა. მოგვიანებით, მოსამართლემ ის მიზეზებიც განმარტა, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება მიიღო.

ბრალდების მხარე სწორედ ამ რისკებზე საუბრობდა. პროკურორის თქმით, ბრალდებულების გათავისუფლება საგამოძიებო მოქმედების სრულყოფილად ჩატარებას შეაფერხებს.

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი - ასე უპასუხეს დაკავებულების ინტერესების დამცველებმა პროკურატურის პოზიციას. ადვოკატები დრეს აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. ნუკრი ბაქრაძის შემთხევაში, რომელსაც გამოძიება არაადამიანურ მოპყრობას ედავება, 20000 ლარი დასახელდა, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაკავებულის, კახაბერ ბაკაშვილის ადვოკატმა, სასამართლოს 10000 ლარიანი გირაო შესთავაზა.

დაკავებულების ადვოკატებმა პოზიცია მხოლოდ სასამართლო პროცესზე გაახმოვანეს -  მოსამართლის გადაწყვეტილება კი არ შეაფასეს, ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკეთებენ. უცნობია ისიც, გაასაჩივრებენ თუ არა აღკვეთის ღონისძიებას.

დაცვის მხარისგან განსხვავებით, დეტალებზე ბრალდებამ ისაუბრა, გაირკვა, რომ ორივე დაკავებული უარყოფს რომ გავრცელებულ კადრებში, სადაც არასრულწლოვანზე ძალადობენ, სწორედ ისინი ჩანან.

სასამართლოს დღეს დაზარალებული მოზარდიც ესწრებოდა - ის სხდომაზე ინტერესების დამცველთან და დედასთან ერთად მივიდა.

დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს დღეს სამსახურეობრივი უფლებამოსილებაც შეუჩერდათ.

დღის ამბები