05 ივლისი 2022,   22:14
ვრცლად
მკვლელობა ლაგოდეხში - რატომ გაიმეტა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სასიკვდილოდ, რომელსაც 3 შვილი დარჩა 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიაზე, გარდაცვლილი ნონა ჭაბაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ 37 წლის ქალის მკვლელობის ერთადერთი მიზეზი - მეუღლესთან გაშორება გახდა. მათი თქმით, მამაკაცს, რომელიც ქალზე ძალადობდა, ჰქონდა არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა და სისტემატიურად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბარბაქაძის სასჯელი, 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საგამოძიებო უწყების ვერსიით, 38 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ჯერ გაგუდა, შემდეგ სახლში გაზის ონკანი მოუშვა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლი დატოვა. ბარბაქაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა.

რა გახდა მკვლელობის მოტივი - ამ შეკითხვაზე პასუხი ბრალდებულის მამას არ აქვს.

გამოძიების ოფიციალური ვერსია სარწმუნოა ნონა ჭაბაშვილის ოჯახის წევრებისთვის. მათი თქმით, ცოლზე სისტემატიური ძალადობის გამო გიორგი ბარბაქაძეს გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც ყოფილ მეუღლეს ტელეფონით რამდენჯერმე დაემუქრა.

ნონა ჭაბაშვილის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში ძმამ 15 იანვარს იპოვა. თავდაპირველი ვერსიით, ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით კი გამოძიებამ გაარკვია, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.

დღის ამბები