28 იანვარი 2022,   07:26
ვრცლად
"გვაქვს კითხვები და ეჭვები, ვთხოვთ ყურბანოვს მოყვეს ყველაფერი რაც იცის" - კახეთში გაუჩინარებული კაცის ოჯახი წევრები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ 

კახეთში მეცხრე დღეა მამაკაცს ეძებენ. სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი ნაზიმ ნადიევი ბოლოს 4 იანვარს ნახეს, რა დროსაც ყარაჯალაში მიდიოდა, ამის მერე მისი კვალი იკარგება.

ოჯახს რამდენიმე ვერსია აქვს. დაკარგულის ახლობლები ამბობენ, რომ მას ერთ-ერთი მოქალაქე ფეხრათ ყურბანოვი რამდენიმე დღის განმავლობაში ურეკავდა და თანხის წაღებას სთხოვდა. მამაკაცმა მისთვის გადასაცემად 32 ათასი ლარი წაიღო.

ოჯახის წევრების ცნობით, დაკარგული პირუტყვის შეძენას გეგმავდა.

"ყურბანოვი სოფელი ყარაჯალარიდან ურეკავდა და ნაზიმს ჩასვლას სთხოვდა. ის საქონლის ყიდვას და თანამშრომლობას სთავაზობდა. ნაზიმი 4 იანვარს წავიდა და 32 000 ლარი წაიღო. წასვლიდან მალევე მობილური ტელეფონი გაითიშა და მისი კვალი გაქრა. ოჯახს გვაქვს ეჭვი, რომ ყურბანოვმა იცის, სად არის ნაზიმი. ამის თქმის საფუძველს კი კამერების ჩანაწერები გვაძლევს, სადაც ასახულია, რომ ნაზიმი და ყურბანოვი ერთად მიდიან ფერმაში ავტომობილით, მაგრამ მოგვიანებით იგივე ავტომობილით ყურბანოვი ბრუნდება უკან და არსად ჩანს ახლა უკვე დაკარგული ნაზიმი. გვაქვს კითხვები და ეჭვები. ვთხოვთ ყურბანოვს მოყვეს ყველაფერი რაც იცის, მან მეტი იცის, ვიდრე ამბობს," - აცხადებს დაკარგული ნაზიმ ნადიევის მეუღლე ქალმალა გაიბოვამ.

დასახელებული პირი ფეხრათ ყურბანოვი შეხვედრას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ დაკარგული მას 4 იანვარსვე დაემშვიდობა და უკან დაბრუნდა. ფარხატ ყურბანოვის მეუღლე ამბობს, რომ დაკარგული, ნაზიმ ნადიევი მათთან სტუმრად მოვიდა, რადგან ის და თავისი მეუღლე მეგობრობენ. მისი თქმით, მათ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ და არც თანხა დაუტოვებია.

გამოძიება 143 -ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები