24 სექტემბერი 2021,   19:22
ვრცლად
მოქალაქეებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირიდან კლინიკაში მისვლით ვაქცინაციის საშუალება ექნებათ - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციისთვის ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირის ბოლოდან ექნებათ შესაძლებლობა, 37 სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეს არ ჰქონდეს არანაირი ადმინისტრაციული ბარიერი.

"თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა ტელეფონით ან ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, 37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციების პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია.

ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს უკვე მოქმედებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებზე. Pfizer-ის შემთხვევაში, დოზების მოწოდების რეჟიმი გაგრძელდება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ მესამე, ე.წ.ბუსტერი დოზის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჯერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული.

"ჩვენს პროგრამაში გათვალისწინებული არ იქნება, ვიდრე არ შეიცვლება ზოგადად, გლობალურად რეკომენდაციები ამის თაობაზე," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები