შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „მეფედრონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 182 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.